Tuesday 14 December 2010

K-2 კლავს K-2 Kills

თბილისური კონსუმერიზმი
Tbilisi Consumerism



ვიკიპედია Consumerism კონსუმერიზმს ხსნის როგორც სოციო-ეკონომიკურ წყობას, რომელის მამოძრავებელი ძალა არის საზოგადოების სისტემატური და მზარდი სურვილი დაეუფლოს რამე ნივთს ან მიიღოს რაიმე მომსახურეობა მეტი და ხშირად ჭარბი რაოდენობით. მისი საწინააღმდეგო მცნებაა Enoughism - ინაფიზმი.
თბილისში კონსუმერიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მასიური ბინათმშენებლობა ქალაქის გენ.გეგმით გაუთვალისწინებელ მონაკვეთებზე. ამ შემთხვევაში ქალაქის სივრცე "უსარგებლოდაა" გამოყენებული, რადგან მასზე დღესდღეობით არ არის მოთხოვნა: ბინები ქალაქის ცენტრში კაპიტალის ერთ-ერთი საუკეთესო დაბანდებად არის მიჩნეული, მაშინ როცა ამ ბინების ექსპლუატაცია თითქმის არ ხდება.

აკადემ. ქალაქი (სპორტის სასახლის მიმდებარე უბანი)


 


სასტუმრო აჭარა. Hotel Ajara, Holiday Inn Tbilisi


Tbilisi consumerism. აკადემქალაქი, თბილისი
თბილისში ქალაქის მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტის - გენერალური გეგმის - არარსებობის გამო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წლების განმავლობაში შენდებოდა ცალკეული ინვესტორების მიერ , გენერალური რეგულირების გეგმების გარეშე: კორპუსების განლაგება და სართულიანობა არ იყო დაგეგმარებული მსხვილ მასშტაბში - უბანთან და ქალაქის რაიონთან მიმართებაში. ამან გამოიწვია უამრავი პრობლემა, პირველ რიგში ქალაქის ცენტრში, სადაც ინფრასტუქტურა ვეღარ უძლებს დღევანდელ დატვირთვას.

დღეს ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა მეტად არის რეგულირებადი ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ. ზუსტად ეს სამსახური აძლევს ინვესტორს გენერალური რეგულირების გეგმას და აწესებს კ-1 და კ-2 კოეფიციენტებს, რაც ქალაქისთვის დამატებითი შემოსავლის, სამშენებლო სექტორის წახალისებისა და სამუშაო ადგილების წყაროდ იქცა.

2010 წლის მერობის კანდიდატებს გაეგზავნათ შეკითხვები, რომლებიც თბილისის მოსახლეობამ facebookზე შეაგროვა. კითხვების სრული ჩამონათვალი, რომელიც  დამუშავდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ქალაქისა და რეგიონალური გეგმარების ინსტიტუტის ქალაქმშენებლობის განყოფილების პროფესიული მხარდამჭერით   (http://www.isr.tu-berlin.de/index.php?id=223 ან http://www.isr.tu-berlin.de/index.php?id=987). საკონტაქტო პირი ლუკა ბაქრაძე (http://www.isr.tu-berlin.de/index.php?id=778). სამწუხაროდ, მაშინ პასუხები მხოლოდ თბილისის ამჟამინდელი მერისგან - ბატონი გიგი უგულავასგან - მივიღეთ. ქვემოთ მოყვანილია კონსუმერიზმის თემასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა და გიგი უგულავას პასუხი:

თვლით თუ არა, რომ ე.წ. "კოეფიციენტებით ვაჭრობა" ჯანსაღი ქალაქგანვითარებისათვის დამღუპველია და იწვევს როგორც ინსოლაციის გაუარესებასა და მიმდებარე მიწის ნაკვეთების მეპატრონეთა უფლებების დარღვევას, ასევე ქალაქის ვიზუალური, რიტმული იერსახის განადგურებას, ასევე ტექნიკური და საზოგადიებრივი ინფრასტრუქტურის გადატვირთვას? თუ კი, რა სამართლებრივი ღონისძიების გატარებას გეგმავთ და რამდენად პრიორიტეტულია ეს თქვენი ქალაქგანვითარების პოლიტიკისათვის (რომელ ეტაპზე აპირებთ შესაბამისი ღონისძიების გატარებას)?

კოეფიციენტის გაზრდის საკითხი არ არის ვაჭრობის საგანი, ანუ მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტის შევსების გზა. განაშენიანების კოეფიციენტების მომატების საკითხი მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური და ეკონომიკური გარემოს ჯანსაღი ჩამოყალიბებისთვის.
კოეფიციენტის მომატების ყოველი კონკრეტული საკითხი განიხილება ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ, რომელიც შედგება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლებისაგან.
კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება იმის გათვალისწინებით, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს მიმდებარე ტერიტორიას და მესამე პირთა კანონით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებებს (მშენებლობის შედეგად მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათებულობის თუ სხვა კუთხით).
ამასთანავე, კოეფიციენტების მომატების შედეგად წყდება ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები, როგორიცაა გასულ წლებში დაწყებული და შეჩერებული მშენებლობების დასრულება. მნიშვნელოვანია და დადებითი შედეგის მომტანია, როდესაც უსახური და ავარიული ე.წ. „ხურშოვკის" დაშლის სანაცვლოდ მენაშენეს მისცემ სტიმულს და მოუმატებ კოეფიციენტს, იმისათვის რომ უკეთესი შენობა აშენდეს და ქალაქში მივიღოთ ლამაზი, მდგრადი, კომფორტული ობიექტი. ეს რათქმაუნდა, როგორც ქალაქის მთავრობის, ასევე საზოგადოების ინტერესში შემავალი საკითხია და ქალაქგანვითარებაზეც დადებითად აისახება.
ძველი ქალაქის ფარგლებში კოეფიციენტის გაზრდის საკითხი განსხვავებულად წყდება, ვიდრე ქალაქის დანარჩენ უბნებში. ქალაქის ისტორიულ უბნებში კოეფიციენტის გაზრდა მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევაშია დაშვებული, ისიც სათანადო და დეტალური მსჯელობა-განხილვის შემდეგ.
თუმცა, ვინაიდან კოეფიციენტის მომატება ძირითადად გამოწვეულია აუცილებელი, მიმდინარე და უახლოესი მომავლისათვის განსაზღვრული კონკრეტული ეკონომიკური ეფექტით, ვფიქრობთ დროთა განმავლობაში მისი მომატების არეალი მკვეთრად უნდა შემცირდეს და გამოყენებული იქნეს მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში.

დღეს ქალაქის პრიმატი არის დეველოპერი, რომელიც ასაქმებს მოსახლეობას. ცუდად არ ჟღერს, მაგრამ აქ გამოტოვებულია მთავარი: ქალაქის მომავალი - "ჩვენი საერთო მომავალი" - როდესაც ეს მრავალსართულიანი "სასახლეები" დღეს შემკული ეპითეტებით "ევროპული სტანდარტი" და "ულტრათანამედროვე"  გადაიქცევიან "ვერტიკალურ ჯურღმულებად" მათი სრულიად მოუხერხებელი და არამდგრადი არქიტექტურის გამო.

1 comment:

  1. სამწუხაროდ კოეფიციენტებით რეგულირება უხეში ფორმაა ქალაქის განვითარებისთვის. შესაბამისად შედეგიც სახეზეა

    ReplyDelete