Saturday 8 January 2011

პირველი და ერთადერთი


პირველი ნოემბრიდან დედაქალაქში ავტობუსების ახალი სამარშრუტო სქემა ამოქმედდა.  დაინიშნა 2 ახალი მარშრუტი,  გაუქმდა - 35, ხოლო 33 - ს შეეცვალა მოძრაობის სქემა. ქართული ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული ინფორმაციით „საკრებულოს წევრები ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ აქამდე მოქმედი ხაზების მარშრუტის სიგრძე არარეალურად იყო გაზრდილი და ამის გამო, სახელმწიფო სოლიდურ ზარალს ნახულობდა“ („ბანკები და ფინანსები“, ნოემბერი, 2010).  აქვე უნდა ითქვას, რომ მარშრუტის სიგრძის შემცირებსთან ერთად, ორჯერ შემცირდა ავტობუსის ზომაც. ამგვარად, დიდი ჰოლანდიური ავტობუსები,  ე.წ. „სანდრაბასები“, შეიცვალა 20 ადგილიანი უკრაინული „ბოგდანებით“.
  

ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე  იყო ცნობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, 1 ნოემბრიდან თბილისის მოსახლეობა და მისი სტუმრები აღმოჩნდნენ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში: ავტობუსები ვერ აკმაყოფილებენ მგზავრთა რაოდენობას - „უნდა დაამატონ ერთი ავტობუსიც... თორემ თავზე რომ მადგას ვიღაცა, მანქანა ვერ დამყავს“ - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, როცა საქარე მინასთან რამდენიმე ახალგაზრდა აიტუზა.  მეორე პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული კონკრეტული მარშრუტების ცვლილებებზე - სამწუხაროდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი, რომელზეც შესაძლებელია სასურველი მარშრუტის დაგეგმვა, ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. მესამე მიზეზი, რომელიც იწვევს მგზავრთა უკმაყოფილებას, არის ავტობუსების მოძრაობის განრიგი. უფრო სწორედ, მისი არარსებობა ან დაუცველობა. არადა, ქალაქ თბილისის მთავრობის N31.03.1435 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილების პირველივე წინადადებაში ვკითხულობთ  „რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“, რაც გულისხმობს მგზავრთა სისტემატიზირებულ ტრანსპორტირებას.



პირველი ნოემბერი ნომერ პირველი ავტობუსის მგზავრებისთვის ცვლილებებს მოასწავებდა. ეს მარშრუტი აკავშირებდა დედაქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთს, ლოჭინის ხეობაში ლილოს დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანს, თბილისის ცენტრთან -  ორბალიანის მოედანთან. ის, რომ მოცემული მარშრუტი ცვლილებას საჭიროებდა, აშკარა იყო. AB მიმართულება ასე გამოიყურებოდა: ავტობუსი სრულად ივსებოდა ლილოს დასახლებაში, თითქმის იცლებოდა მეტრო სამგორთან და ასე, ცარიელი, აგრძელებდა გზას კოლმეურნეობის მოედნისკენ ორთაჭალის გავლით.  იგივე სურათი იყო  BA მიმართულებითაც. ამას ემატებოდა ის, რომ დაფის მარკის ძველი დიდი ავტობუსი იყო ხმაურიანი, არასასურველად ბევრი გამონაბოლქვის გამო საზიანო გარემოსთვის, მარშრუტის მოწყვეტილობის გამო ნაკლებად კონტროლირებადი და, შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანი - რასაც ხშირად აღნიშნავდნენ მძღოლები (მოგეხსენებათ ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია GPS ნავიგატორი, რომელიც ასევე აღებული ბილეთების რაოდენობასაც აჩვენებს.) 





თუ ოდესმე მოგიწევთ ლილოს დასახლების სტუმრობა, თქვენ მოწმე გახდებით შემდეგი სურათისა: დილის პეიზაჟის ფონზე მოსახლეობა მასიურად გამოსულია გაჩერებებზე და ელოდება ტრანსპორტის მოსვლას, რომ დაახლოებით 1-საათიანი მგზავრობის შემდეგ არ დააგვიანდეს სამსახურში თბილისის ცენტრალურ რაიონებში. პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს დაახლოებით 12 000-კაციანი (3400 ოჯახი) ლილოს დასახლებას  ემსახურება ერთადერთი N1 ავტობუსის ხაზის „ბოგდანის“ მარკის 5 ავტობუსი, მოძრაობის 20 წთ-იანი ინტერვალით. თუმცა, ამ განრიგის დაცვა ხანდახან არ ხდება. მდგომარეობას ართულებს ე.წ. „პერერივი“ - მძღოლების შესვენება დღის 12-დან - 17-მდე სთ მონაკვეთში, რაც გულისხმობს განრიგში 20- წუთიანი შუალედის გაზრდას 40 წთ-მდე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ 2 სამარშრუტო ხაზის არსებობის შემთხვევაშიც კი, ავტობუსების ეს სისტემა რეგულარული სამგზავრო გადაზიდვისთვის საკმარისი არ არის. 

მოსახლეობა უკმაყოფილოა და ხშირად საკუთარ უკმაყოფილებას ავტობუსში მგზავრობისას გამოხატავს. საჯარო დისკუსის თემატიკას ფრთო სპექტრი აქვს და მდიდარი ლექსიკონი. თუმცა,  ამ უკიდურესად გადაჭედილ ავტობუსის სოციალურ ჯგუფში გამოიკვეთა ისეთი თვისებები, როგორიცაა უფროსისადმი პატივისცემა და ერთმანეთისადმი თანაგრძნობა (ჩანთის დაკავების ცნება).

ეს პრობლემები არ იქნებოდა, რომ ყოფილიყო კვლევები, მონიტორინგი და ანალიზი მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მგზავრთა ნაკადების და ყოველი კონკრეტული მარშრუტის დატვირთვის შესახებ. მართალია, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რეგულარულად გვამცნობს ქალაქში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და გვახსენებს ჩევნს უფლებას ნებისმიერმა მსურველმა წერილობითი ფორმით მივმართოთ შესაბამის უწყებას, მაგრამ თუ არ მოხდა მონაცემთა ბაზის შექმნა, მსგავსი გაუთვალისწინებელი პრობლემები კიდევ მრავალჯერ ამოტივტივდება. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა თბილისელს აწუხებს, ვინც მთელი დღის განმავლობაში, და განსაკუთრებით პიკის საათებში დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებს ქალაქში გადაადგილებას.



*****
P.S











No comments:

Post a Comment