Wednesday 23 March 2011

სტუმრობა სოციალურ საცხოვრისში


2011 წლის 26 იანვარს მ/ს ვარკეთილთან ვიკითხე როგორ შეიძლება მოვხვდე ვარკეთილი III დასახლების მეორე მიკრორაინში. უბანი საკმაოდ შორს აღმოჩნდა მეტროდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არჩევანი დიდი იყო: მოცემული მიმართულებით რამდენიმე ავტობუსის და სამარშრუტო ხაზი მიდიოდა.




სოციალური საცხოვრისის ე.წ. „წითელი კორპუსები“, როგორც მათ ადგილობრივი მოსახლეობა ეძახდა, შორიდანვე მკვეთრად გამოიკვეთა უსახური, ნაცრისფერი, სარეცხგაფენილი ცხრასართულიანების ფონზე. N39 ავტობუსის მგზავრებს სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ ზემოთ ხსენებული ახალი „ევროპული“ უბანის დანიშნულებისა და მკვიდრთა შესახებ. უმრავლესობის აზრით, ეს სახლები დევნილებისთვის ააშენეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისინი გაასახლეს და დღეს ამ სახლებში 18 წელს გადაცილებული, უპატრონო ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები ცხოვრობენ.




ავტობუსი გაჩერდა. ჩავედი. პირველი, რასაც მივაქციე ყურადღება იყო ის, რომ უბანი „კეთილგანწყობილი გარემოს“  შთაბეჭდილებას არ ტოვებდა: მყუდრო აგურის სახლებს წინ მიტოვებული, ნახევრად დაშლილი შენობის (სავარაუდოდ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) კარკასი ეფარებოდა.  გაჩერებიდან სულ რამდენიმე მეტრი უნდა გამევლო, მაგრამ ... აღმოვაჩინე, რომ ტროტუარი არ იყო. მაშინ როცა „გადასასვლელზე“ „ზებრა“დატანილი გახლდათ.
ეზო კეთილმოწყობილი არ იყო. უბნის მცხოვრებმა მესამე კლასელმა მერაბმა, თითქოს „დაზეპირებულად“, მითრა რომ ისურვებდა ეზოში ჰქონოდა სტადიონი, სათამაშო მოედანი ტრენაჟორებით და საქანელებით. უბანს გარშემო შემოვუარე. დაახლოებით დღის 13.00 საათი იქნებოდა და ირგვლივ არავინ იყო. ე.წ. „სტადიონზე“ რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი მრავალბინიანი სახლებიდან ავტომობილების პარკინგისთვის უფრო გამოიყენებოდა, ვიდრე სათამაშოდ, რამდენიმე უპატრონო ძაღლი იწვა და ავტომობილის გამოვლისას ერთ-ერთი მას ყეფით მისდევდა. „ბირჟა“ ცარიელი იყო. 
ახალგაზრდა მრავალშვილიანმა დედამ სახლში შემიპატიჟა. ბინა პატარა იყო, მაგრამ მყუდრო. რამდენიმე მეზობელმაც შემოიხედა. წარმოგიდგენთ „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ პროექტის ბენეფიციართა ოთხი ოჯახის წარმომადგენელთა პასუხებს (რესპოდენტთა შორის სამი იყო იძულებით გადაადგილებული ოჯახის წარმომადგენელი, იქედან ერთი შშმ წევრით და ორი  მრავალშვილიანი ოჯახი; მეოთხე, ერთკაციანი ოჯახი, - უსახლკარო  მარტოხელა ხანდაზმული, რომელსაც დაენგრა სახლი ქ.თბილისშის):







კავშირი ქალაქთან
ძირითადად, ყველა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მუშაობს და ყოველდღე უწევთ გასვლა. გაჩერება სახლთან ახლოს არის და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაღავათით სარგებლობენ. სამუშაო ადგილის სიშორის გამო, უმრავლესობას 2-3 ჯერ უწევს ტრანსპორტის გამოცვლა, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია. შშმ ლიანა ქირიამ თქვა, რომ ჩასახლების დღიდან ქალაქში არ გასულა, მიზეზად მისთვის ქალაქში მარტო გადაადგილების „შეუძლებლობა“ დაასახელა: „აქ რაც მომიყვანეს, არსად გავსულვარ. ასე ვზივარ აქ ფანჯარასთან. სად უნდა წავიდე? ეტლიც მაქვს, მისასვლელიც არის მაგრამ ... არა.  „ (ფოტოს გადაღება არ ისურვა).
უბანი/ეზო
სკოლა და რამდენიმე ბაღი ახლოსაა უბანთან - სოციალური საცხოვრებლის ამ მცირე დასახლებასთან. იქვეა სპორტული სტადიონიც. მოსახლეთა თქმით მათი უბანი არაფრით გამოირჩევა სხვა კვარტლებისაგან: „ჩვენიც ისეთივე საცხოვრებელი უბანია, როგორც ირგვლივ - არანაირი განსხვავება. კარგად ვართ ყველასთან. ძირითადად ბავშვები გვაკავშირებენ: ზოგი კლასელია, ზოგი ბაღში დადის ერთად.“
ინდივიდუალური საკარმიდამო მიწის ნაკვეთები არაა. შეკითხვაზე ისურვებდნენ თუ არა მცირე ბაღის მიღებას, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იქ მყოფი ხუთი ბენეფიციარიდან მხოლოდ ერთმა ისურვა ხეხილისა და ყვავილების დარგვა -ბავშვებისთვის, დანარჩენებმა თქვეს რომ მათთვის მიწის დამუშავება ძნელი იქნებოდა: „ზოგი მთელი დღე სამსახურშია, ზოგს პატარა ბავშვები ჰყავს და დრო არ ჰყოფნის.“
ეზო ჯერჯერობით კეთილმოწყობილი არაა, წვიმიან ამინდში ტალახია, მაგრამ, მოსახლეთა ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფარის დაგება.
ტერიტორიის დალაგება უბნის გარშემო ქალაქის დასუფთავების სამსახურს ევალება, უშუალოდ ეზოს კი თვითონ მობინადრენი უვლიან. მათი თქმით, დასუფთავების მკაცრი გრაფიკი  არ არის და „როცა ვხედავთ რომ დასალაგებელია, ვალაგებთ, ყველა თავისი კორპუსის წინ.“ ამაზე ერთ-ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ქარიან ამინდში მთელი ნაგავი მისი ფანჯრების წინ გროვდებოდა.


სახლი
კომპლექსი შედგება აგურის ოთხი ორსართულიანი და ორი სამსართულიანი აგურის სახლისგან. შესასვლელებთან გაკეთებულია პანდუსები. დაცვის არანაირი სისტემები კარებზე დამონტაჟებული არ არის, ნებისმიერს შეუძლია სადარბაზოში მოხვედრა.
     პირველ სართულზე შშმ პირები ცხოვრობენ. ჰოლში არის  საინფორმაციო დაფა რომელზედაც, ბაღების, სკოლებისა და პოლიკლინიკების საკონტაქტო ინფორმაციის გარდა, გამოკრულია სადარბაზოსა და სარეცხი მანქანის მორიგეობის ცხრილი.  ყველა სახლს საერთო სამრეცხაო აქვს. სარეცხი მანქანები განაწილებულია ბავშვი/ზრდასრულის ტანსაცმლისთვის და დაწესებულია მორიგეობა.

ბინა
ბინები ერთი და ორ-ოთახიანია, ზუსტად რამდენი კვ.მ. ბინის ფართობი, არც ერთმა გამოკითხულმა იცოდა, დაახლოებით 35მ2. მაგალითად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი შვილით ცხოვრობს ორ ოთახიან ბინაში. ლიანა ქირიამ კი სოციალურ საცხოვრისში ბინა თავის შვილთან ერთად ორი წლის წინ მიიღო. ამ ხნის განმავლობაში მისი ქალიშვილი ნინო დაოჯახდა, მას შეეძინა ბავშვი და ის ამჟამად უკვე მეორეს ელოდება. მათი სიტუაცია საკმაოდ რთულია - ბინა ერთოთახიანია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი ლიანა იძულებულია იცხოვროს სამზარეულოში. მათი თქმით, იმ ბნელი ოთახის მერე, სადაც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ, ბინა ძალიან კომფორტულია მათთვის, მაგრამ, აქვე აღნიშნავენ რომ მსგავსი სიტუაციები გასათვალისწინებელია სხვა სოციალურ საცხოვრისში - შშმ პირს სჭირდება მომვლელი, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება თავისი ინდივიდუალური სივრცე.
ყველა ბინა აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და ავეჯით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული შშმ პირებისთვის სანიტარული კვანძის სფეციფიკა. წყალი, ელ.ენერგია, გაზი სახლებს შეუფერხებლად მოეწოდებათ. გაყვანილია ტელეფონის ხაზი და ინტერენეტი. ყველა ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემები.
კომუნალურ გადასახადებს ოჯახები თვითონ ფარავენ, ზოგი მონაწილეობს თბილისის მერიის სამთვიან საშეღავათო პროგრამაში და იღებს 100-ლარიან ვაუჩერს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის არანაირი ახალი სისტემა (მაგ.ბიო-ნარჩენების გამოყენება კომპოსტში) შემუშავებული არ არის, ისინი უბრალოდ გააქვთ ბუნკერებში.
ერთმა 5-სულიანმა ოჯახმა საერთო ხარჯი დაასახელა 50 ლარის ოდენობით ზამთარში და დაახლოებით 30 ლარი - ზაფულის თვეებში. ხოლო მეორე 4-სულიანმა ოჯახმა - 120 ლარი. ვფიქრობ, ასეთი ხარჯები დაკავშირებულია იმასთან, რომ მცხოვრებლებმა არ იციან ენერგიის ეფექტურად გამოყენების გზები: მეორე ოჯახის თქმით, ისინი „გასანიავებლად“ ხშირად აღებენ ფანჯარას, რის გამოც ყოველთვის თავიდან უხდებათ სათავსის გათბობა; მაშინ როცა პირველი ოჯახის დიასხლისმა აღნიშნა, რომ მზიან ამინდებში გათბობას თითქმის არ რთავს, რადგან ამის საჭიროება არ არის კარგი თბოიზოლაციის გამო. 
სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღებიდან რაიმე სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ ყოფილა, მაგრამ ყველამ აღნიშნა სანიტარულ კვანძებში წყლის დაგუბების შემთხვევევი „ტრაპის“ გაუმართავობის გამო.
მთელი სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართაგან მხოლოდ ერთ ოჯახს ჰყავს ავტომობილი, თუმცა დღესდღეობით პარკინგის ადგილი გათვალისწინებული არ არის.




მონიტორინგი და მართვა
სოციალური საცხოვრისით სარგებლობის ხელშეკრულების პირობები, რესპოდენტთა თქმით ასეთია: „იცხოვრე, რამდენხანსაც გინდა, სანამ შენი და უკეთესი არ გექნება“. ზუსტი პირობები არავინ იცოდა და, ხელშეკრულების ამ მონაკვეთის წაკითხვაზედაც, „არ ვიცი სად მიდევს“ მოიმიზეზეს. მათივე თქმით, ხელშეკრულების მიხედვით მათ არ ჰქონდათ სახლში რაიმის შეცვლლის/გადაკეთების უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე.
როგორც აღმოჩნდა, სოციალური მუშაკები სოციალურ საცხოვრისს ხშირად სტუმრობენ. მოსახლეობა ამ ვიზიტებს „სიმდიდრის შეფასებას“ ეძახის. რესპოდენტებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მათ შემდგომ მოუწევთ ამ ბინის დატოვება: „სარეცხი მანქანა რომ გამოვიტანო განვადებით, სიმდიდრედ ჩამეთვლება?“ მკითხა ერთ-ერთმა.
როდესაც ვკითხე საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ და რას ნიშნავს მათთვის სოციალურ საცხოვრისში ცხოვრება, ერთ-ერთმა ქალბატონმა, ჩემი აზრით, ამომწურავად აღწერა თავისი მდგომარეობა: ხშირად, როცა ეკითხებიან სად ხოვრობს, არ ამბობს რომ „სოც.სახლში“ აქვს ბინა; პასუხი ყოველთვის ზოგადია - ვარკეთილის III.
სამწუხაროა, რომ მთელს მსოფლიოში მუნიციპალური საცხოვრისი  - ქალაქისა და ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებელი - საქართველოში ერთგვარი სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლად ითვლება და იქ ცხოვრება მალვის საგანი ხდება.

2 comments:

  1. vinc martla gachirvebylia da araakvs saxli ,imat aradzleven !!! da visac tyrme mankanac konia , imat akmahopileben socialyri sacxovrisit !!!1 ??? sadaris samartaliii ????

    ReplyDelete
  2. გავიდა ათი წელი ამასობაში და ისევ ისე გაჭირვებით ვცხოვრობთ ან დაგვიმტკიცეთ ეს ბინები ან სხვაგგან მოგვეცით სულ ცოცხალი ხომ ვერ ვიქნები 3 ბიჭს დაბინავება უნდათ

    ReplyDelete