Monday 23 May 2011

წყალი? წყალი!




წყალს საციცხლო მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 60%-ით წლისგან შედგება. იმის გამო რომ ორგანიზმი მუდმივად კარგავს წყალს სუნქვით, შარდვით და ოფლის გამოყოფით, აუცილებელია დანაკარგის შევსება სითხის მიღებით. ორგანიზმის მიერ წყლის 1-2%-იანი დანაკარგის შემთხვევაშიც კი ვითარდება ე.წ. დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). ამიტომ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება დღის განმავლობაში 
იცავს ჯანმრთელობას; 
ხელს უწყობს კარგი გუნება-განწყობის შექმნას; 
ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას; 
თავიდან იცილებს შარდის ბუშტსა და ნაწლავებთან დაკავშირებულ პრობლემებს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასმელი წყლის პრობლემას ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. საქართველოში ამ პრობლემის სიმწვავე განპირობებულია წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებით და წყალმომზადების თანამედროვე სისტემებში წყლის გაწმენდის და გაუვნებლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სიძნელეებით. შესაბამისად, ეს აისახება წყალთან დაკავშირებული გადამდები დაავადებების დიდი რიცხვით, მაგალითად, 2006 წლის განმავლობაში სავარაუდოდ ინფექციური წარმოშობის დიარეების საერთო რიცხვმა შეადგინა 7803, რაც 5%-ით მაღალია 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; 2006 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა ამებიაზის 27 შემთხვევა, რაც 33%-ით აღემატება 2005 წლის შესაბამის მაჩვენებელს; 2006 წელს საქართველოში დაფიქსირდა ტულარემიის 4 შემთხვევა, მაშინ, როდესაც ანალოგიური დაავადება 2004 წლის (3 შემთხვევა) შემდეგ არ დაფიქსირებულა; 2006 წელს დაფიქსირებული ვირუსული ჰეპატიტებიდან A ჰეპატიტის შემთხვევები (1391) 36%-ით აღემატებოდა 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო გაუშიფრავი ჰეპატიტების შემთხვევათა საერთო რიცხვი (2252) 44%-ით აღემატებოდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებს. 

საქართელო მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიმდიდრეს შესაბამისად არ აფესებენ. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ დაბინძურება, არამედ წყლის არამიზნობრივი ხარჯვაც. საქართველოში წყლის მოხმარების დღიური ნორმა ერთ სულ მოსახლეზე 700 ლიტრს აღემატება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით და წყლის საფასური საქართველოში გაცილებით დაბალია ვიდრე ეს საჭიროა საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის შენახვასა და გაუმჯობესებისთვის.

"საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. ეს აისახება სასმელი წყლის მისაწვდომობაზე, რადგან 
სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად:
• წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი – 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%)
• თბოენერგეტიკა – 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%)
• მრეწველობა – 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%)
ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება."
წყარო: საქართველოს გაერთიოანებული წყალმომარაგების კომპანია http://water.gov.ge/

სასმელად უვარგისი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები შეიძლება იყოს მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი. გრძელვადიანი მიკრობული რისკი დაკავშირებულია მიკროორგანიზმებით დაბინძურებული წყლის რეგულარულ და ხანგრძლივ მოხმარებასთან, ხოლო ეპიდემიური რისკი  _ ძალზე ვირულენტური მიკროორგანიზმებით დაბინძურებული წყლის მოხმარებასთან. 
სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და სასმელი წყლის გარე შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის კომპეტენციაა.


დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობელემა არის "წყლის განათლებულობის" ნაკლებობა. ცოტა ვინმემ თუ იცის რა პროცედურებს გადის  (ან უნდა გადიოდეს) წყალი, სანამ ის ჩვენს ჭიქაში აღმოჩნდება. სკოლებში და უნივერსიტეტებში ხშირად ნახავთ გაუმართავ ონკანებს, საიდანაც 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მოდის წყალი: სან.კვანებში წყალი მოშვებული რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ონკანი დაზიანებულია ან  მძიმე ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია. ერთეული ორგანიზაციები ცდილობენ საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას, მაგრამ, როგორც წესი ეს რეაქციული ქმედებებია. მაგალითად, 2011 წელს, ქ.თბილისში აღინიშნა წყლის საერთაშრის დღესაკმაოდ ვიწრო წრეში, მაშინ როცა ამ ღონისძიებისთვის მზადება მსოფლიომ რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და ჩვენც შეგვეძლო აქტიურად ჩავრთულიყავით "ჩვენი წყლის მდიდარი რესურსებით" . წყლის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიანი პროგრამით, სადაც წყლის მომწოდებელ კომპანიებთან ერთად ჩართული იქნება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო სექტორი. 

1 comment:

  1. ოცნება სასმელ წყალზე
    ადიგენის რაიონის სოფელი ხევაშენი 27.12.2006

    http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6380&lang=geo

    ReplyDelete